ტუნისის ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა

ტუნისში სასამართლომ 35-35 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ პრეზიდენტ ზინე ალ-აბიდინ ბენ ალისა და მის მეუღლეს, რომლებიც დამნაშავედ ცნო ქურდობასა და სხვა კანონდარღვევებში. წყვილი დაუსწრებლად გაასამართლეს. ბენ ალი და მისი მეუღლე იანვარში გაიქცნენ საუდის არაბეთში, სამშობლოში მასობრივი საპროტესტო აქციების გამო. სასამართლომ მათ, ჯარიმის სახით, 66 მლნ დოლარის გადახდა დაავალა. ერთდღიანი სასამართლო პროცესის დროს განხილულ იქნა ქურდობის, კორუფციისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებები. ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.