დევნილ მასწავლებლებს ათავისუფლებენ

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლა. 15 სექტემბერი, 2010

დევნილი პედაგოგების ნაწილი სამსახურებიდან დაითხოვეს, ნაწილი კი გათავისუფლებას ყოველდღიურად ელოდება. მესამე წელია იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობას სოციალური შემწეობებით გააქვს თავი. დასახლებებში ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვებისას დევნილები მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებდნენ, სექტემბრიდან კი შესაძლოა დაუსაქმებელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

აგვისტოს ომის შემდეგ ლიახვის ხეობიდან დევნილი პედაგოგები გორის სკოლებში გადაანაწილეს და საათებიც მისცეს. გვანცა გუნდიშვილი გორის ერთ-ერთი სკოლიდან უკვე გაათავისუფლეს. მისი ოჯახი 7 სულისგან შედგება. ახლა იგი ახალ სამსახურს ეძებს, მაგრამ შეთავაზებულ წინადადებებზე ხშირად იმის გამო არ თანხმდება, რომ დასაქმების შემთხვევაში სოციალურ დახმარებას მოუხსნიან, რომელიც ხშირად ხელფასზე მეტია.

პედაგოგების ერთი ნაწილი სკოლებიდან უკვე გაუშვეს, მეორე ნაწილი კი სექტემბრის დადგომას შიშით უყურებს.

პირველ წელს, როცა დევნილი მასწავლებლები სკოლებში დაასაქმეს, მათ საკმაო რაოდენობის საათები მისცეს, მერე და მერე კი საათების რაოდენობა შეუმცირეს, ზოგი პედაგოგი კი სადამრიგებლო კლასის ამარა, მიზერული ხელფასით დარჩა.

გორის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი შალვა სრესელი აცხადებს, რომ სკოლები კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ - ზოგიერთ პედაგოგს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ზოგს საათების რაოდენობა შეუმცირდა, სკოლა კი ვალდებულია სწავლის ხარისხზე იზრუნოს. მისი თქმით, პროფესიონალ კადრებს დათხოვნა არ ემუქრებათ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის“ დევნილი პედაგოგების პრობლემა ცნობილია. გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში საქმე შრომითი ურთიერთობის პრობლემებთან გვაქვს. მისი აზრით, თუ პედაგოგები შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე გაათავისუფლეს, მათ უფლებების დასაცავად შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

როგორც გათავისუფლებული, ისე გათავისუფლების მომლოდინე პედაგოგები ჩვენთან მაინცდამაინც დიდი ხალისით არ ლაპარაკობენ. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ პრობლემებზე საუბრით საქმეს კიდევ უფრო გაირთულებს.