გაუქმდა ვიზის გაცემის შეზღუდვა დარიალისა და ყაზბეგის სასაზღვრო და საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე დღეს განათავსა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტრის მიერ 30 ივნისს ხელმოწერილი ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა დარიალის და ყაზბეგის სასაზღვრო და საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით ვიზის გაცემის შეზღუდვის შარშანდელი ბრძანება. შესაბამისად, 2 ივლისიდან რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში ამ მარშრუტით ჩამოსული პირები ვიზას უშუალოდ მიიღებენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილება გაგრძელებაა ”საქართველოს მიერ არჩეული სავიზო პოლიტიკისა, რომლის მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადამიანთა გადაადგილებას ტურისტული, ბიზნესის, სამედიცინო, თუ სხვა ჰუმანიტარული მიზნებით.”