პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფოტორეპორტიორების დაკავებას არ უკავშირებს მედიის საქმიანობას

ფოტორეპორტიორების დაკავებას ჟურნალისტიკას და მედიის საქმიანობას არ უკავშირებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სააგენტო presa.ge-ს მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა, რომ ”საქმე შეეხება ინსტიტუციებიდან ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას.” მანჯგალაძე ვარაუდობს, რომ დაკავებულ ფოტოგრაფებს ბრალად დასდებენ კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემას ისეთი ორგანიზაციისთვის, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ჯაშუშური ქსელი. ”მე ვერ გავიხსენებ ვერც ერთ ჟურნალისტს საქართველოში - ვერც მხარდამჭერსა და ვერ ოპოზიციურად განწყობილს მთავრობის მიმართ - რომლისთვისაც ოდესმე ბრალი დაედოთ ჯაშუშობაში”, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა. მანანა მანჯგალაძისთვის აღმაშფოთებელია ფოტოგრაფების დაკავების გაიგივება მედიის თავისუფლებასთან.