ფოტოკორესპონდენტების მხარდამჭერი აქციები გრძელდება

გლდანის მე-8 საპყრობილესთან ფოტოკორესპონდენტების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა, რომელშიც ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები მონაწილეობენ. აქციის მონაწილეები კვლავაც მოითხოვენ ფოტოგრაფების საქმის გასაჯაროებას და მათ თავდებით გათავისუფლებას. დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერი აქცია დღეს, 20:30 სთ-ზე საქართველოს საპატრიარქოსთანაც გაიმართება. სოლიდარობის აქცია ორგანიზებულია "ალია ჰოლდინგისა" და ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ. აქციის მონაწილეები მიმართავენ საქართველოს პატრიარქს, გაითვალისწინოს დაკავებული გიორგი აბდალაძის თხოვნა და უშუამდგომლოს თავდებით გათავისუფლების მიზნით.