გილაური: არ მოხდება სახელმწიფო კომპანიების აქციათა საკონტროლო პაკეტების გასხვისება

საქართველო არ აპირებს სახელმწიფო კომპანიების აქციათა საკონტროლო პაკეტების გასხვისებას - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისივე თქმით, მთავრობის მიზანია საერთაშორისო ბირჟებზე განთავსდეს აქციათა მინორიტარული პაკეტები, ანუ 20-25-30%. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფონდო ბირჟებზე განთავსებული აქციების რაოდენობა 49%-ზე მეტი არცერთ შემთხვევაში არ იქნება. "სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება აქციათა 51% ან მეტი და შესაბამისად საქართველოს ექნება კომპანიების მენეჯმენტისა და მთავარი გადაწყვეტილების მიღების საშუალება” - განაცხადა ნიკა გილაურმა. მან სახელმწიფო კომპანიების აქციათა საერთაშორისო ბირჟებზე განთავსების მიზნად დაასახელა დამატებით ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. გილაურის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებაში საქართველოს მთავრობას ეხმარებიან საუკეთესო საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები.