„არაბული გაზაფხულის“ აქტივისტები სახაროვის პრემიით დაჯილდოვდნენ

„არაბული გაზაფხულის“ ხუთი აქტივისტი ევროპარლამენტის 2011 წლის სახაროვი სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა განაცხადა, რომ გამარჯვებულები არიან სიმბოლო იმ ბრძოლისა, რომელიც მათი ქვეყნების შეცვლისკენ არის მიმართული. სახაროვის სახელობის პრემიის ლაურეატებს შორის არის ტუნისელი მოჰამად ბუაზი, რომლის მიერ საკუთარი თავის დაწვას მოჰყვა სახალხო აჯანყებების ჯაჭვი, რასაც ჩრდილოეთ აფრიკაში „არაბული გაზაფხული“ ეწოდა. კიდევ ორი ლაურეატი სირიიდან არის, თითო-თითო კი ლიბიიდან და ეგვიპტიდან. ანდრეი სახაროვის პრემია ევროპის პარლამენტმა 1988 წელს დაარსა და იგი გადაეცემათ ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დემოკრატიული ფასეულობებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში.