ბათუმში გაიმართება შვეიცარიისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა

შვეიცარიის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. მიშელინ კალმი-რეისა და მიხეილ სააკაშვილის მოლაპარაკება საღამოს ბათუმში გაიმართება. შვეიცარიამ, რომლის შუამავლობით თბილისი და მოსკოვი აწარმოებენ მოლაპარაკებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ, მხარეებს კომპრომისული წინადადებები - საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგი და ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის სისტემის ამოქმედება შესთავაზა. ამ წინადადებებს საქართველო გასულ კვირაში დათანხმდა, რუსეთმა კი რამდენიმე დღე ითხოვა. შუამავალი შვეიცარიის პრეზიდენტი კალმი-რეი 30 ოქტომბერს მოსკოვში შეხვდა პრეზიდენტ მედვედევს. მისმა თანაშემწემ არკადი დვორკოვიჩმა მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დოკუმენტების პროექტებში, რომელიც რუსეთისა და შვეიცარიის პრეზიდენტებმა განიხილეს, არ არის მოხსენიებული საზღვრის საბაჟო კონტროლი, ის არ განიხილება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პირობად და საუბარია საგარეო მონიტორინგზე. დვორკოვიჩის თქმით, რუსეთი სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.