მოსკოვში ისევ დააკავეს დემონსტრანტები

მოსკოვის ცენტრში დააკავეს ათობით დემონსტრანტი, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციაში 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ტრიუმფალურ მოედანზე და გამოდიოდა პუტინის საწინააღმდეგო ლოზუნგებით მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით პოლიციელები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების წარმომადგენლები. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ პოლიციის პრესმდივნისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დააკავეს 250-მდე დემონსტრანტი, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვი. „ფრანს პრესი“ იუწყება აგრეთვე 50-მდე ადამიანის დაკავებაზე სანქტ პეტერბურგში. ცნობების თანახმად, რუსეთის ხელისუფლების მომხრეებმა მოსკოვში ჩაატარეს საპროტესტო გამოსვლაზე უფრო მასშტაბური აქცია. თვით პუტინი აცხადებს, რომ კმაყოფილია შედეგით, რომელიც არჩევნებში აჩვენა „ერთიანმა რუსეთმა“. პუტინის თქმით, „ერთიანი რუსეთი“ ინარჩუნებს „სტაბილურ“ უმრავლესობას პარლამენტში და მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერის შესუსტება გარდაუვალი პროცესია. “ერთიან რუსეთს“ ხმების 49,5 პროცენტი ერგო კვირის საპარლამენტო არჩევნებში, რაც საგრძნობლად ნაკლებია წინა არჩევნებში მოპოვებულ 64 პროცენტთან შედარებით.