დასავლეთი რუსეთის არჩევნებს აკრიტიკებს

საერთაშორისო თანამეგობრობამ დღეს რუსეთი კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო გააკრიტიკა. ამ არჩევნების შედეგით, პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინის პარტიას პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი ერგო. ვილნიუსში, ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, განაცხადა, არჩევნები „სერიოზული შეშფოთების“ მიზეზს ქმნისო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდო ვესტერველემ შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, ეუთოს დამკვირვებლების დასკვნა მოწმობს, რომ რუსეთს ამ ორგანიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელიო. თუმცა რუსეთის პრეზდიენტი, დმიტრი მედვედევი უარყოფს საერთაშორისო კრიტიკას და მას რუსეთის საქმეებში ჩარევად მიიჩნევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას „მიუღებელი“ უწოდა.