საფრანგეთმა დანაშაულად გამოაცხადა სომეხთა გენოციდის უარყოფა

კენჭისყრა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დღეს განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, დანაშაულია იმის უარყოფა, რომ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტა გენოციდი იყო. საფრანგეთმა ეს ხოცვა-ჟლეტა 2001 წელს აღიარა „გენოციდად“. დღეს მიღებული კანონი გულისხმობს სასჯელს - ერთი წლის ვადით პატიმრობას და 59 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმას. თურქეთმა, მომხდარის საპასუხოდ, დღეს თავისი გაიხმო ელჩი პარიზიდან. თურქეთი სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პარიზში რამდენიმე ათასმა ეთნიკურად თურქმა მოქალაქემ კანონპროექტის მიმართ საპროტესტო აქცია მოაწყო ეროვნული ასამბლეის შენობასთან. სომხური მხარე აცხადებს, რომ ოსმალეთში მილიონნახევარი სომეხი დაიხოცა 1915 წელს.