ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა 30 იანვარს გაიმართება

პრეზიდენტების ობამასა და სააკაშვილის მომავალი შეხვედრის გამო დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება და ბარაკ ობამას 30 იანვარს შეხვდება. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას განიხილება ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების გზები. ”აშშ-ის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის, დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლისათვის ნატოში საქართველოს გაწევრიანების გზაზე”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. მისივე ცნობით, ბარაკ ობამასთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას გაამახვილებს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და მის გაღრმავებაზე ქარტიით განსაზღვრული ყველა მიმართულებით.