სირიაში სამხედრო გენერალი მოკლეს

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, დღეს დამასკში შეიარაღებულმა პირებმა არმიის გენერალი მოკლეს. სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპული გენერლის სახელია ისა ალ-ხავლი და ის ამავდროულად ექიმად მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ წერს, რომ მარტში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დედაქალაქში მაღალი რანგის სამხედროს კლავენ. პარალელურად, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა დაგმო პარასკევს ალეპოში მოწყობილი აფეთქებები, რასაც 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 235-მდე პირი დაიჭრა. ბან კი-მუნი სირიის კრიზისის „ფართომასშტაბიანი პოლიტიკური გადაწყვეტის“ გამოძებნის მოწოდებით გამოდის. მთავრობის ძალებმა პარასკევს გააგრძლეს იერიში ოპოზიციის ცენტრად მიჩნეულ ქალაქ ჰომსზე. ოპოზიციონერი აქტივისტების ინფორმაციით, ჰომსში ამ კვირაში ჩატარებულ ოპერაციას ასობით ადამიანი შეეწირა.