ევროკავშირი და აშშ ფრთხილად ესალმებიან ირანის წინადადებას ბირთვული მოლაპარაკების აღდგენაზე

აშშ და ევროკავშირი ფრთხილად მიესალმნენ ირანის წინადადებას, აღადგინოს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მოლაპარაკება თავისი ბირთვული პროგრამის ირგვლივ. ვაშინგტონში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა განაცხადეს, რომ აანალიზებენ ირანის პასუხს მათ შეთავაზებაზე განახლდეს შეწყვეტილი მოლაპარაკება ერთი მხრივ ირანს, მეორე მხრივ კი გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას შორის. ირანის პასუხი „ის არის, რასაც ველოდითო“ - თქვა კლინტონმა. ეშტონმა განაცხადა, რომ ჯერ ფრთხილობს - მაგრამ ოპტიმისტურადაა განწყობილი მოლაპარაკების გამართვის პერსპექტივის თაობაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მოლაპარაკების განახლების შემთხვევაში, ირანმა მოლაპარაკების მაგიდასთან მუშაობა მანამდე უნდა გააგრძელოს, სანამ იქნება მიღწეული შეთანხმება, რომლითაც ის კვლავ დაიწყებს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.