ხაშურის პოლიციაში დაკავებულის სიკვდილის გარემოებების ირგვლივ ეჭვები გაჩნდა

ხაშურის პოლიციაში 28 თებერვალს ქურდობაში ეჭვმიტანილი 45 წლის სოლომონ ქიმერიძის სიკვდილის გარემოებებს ოჯახის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები ეჭვქვეშ აყენებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ქიმერიძე დაკითხვის დროს „ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები“. სამინისტროს ცნობით, ქიმერიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც „სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო გარდაიცვალა“. მიმდინარეობს გამოძიება. ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ტელეკომპანია „მაესტროს“ განუცხადა, რომ პოლიციაში „ზოგი ამბობს კიბეებზე დაგორდა და ზოგი ამბობს აივნიდან გადმოვარდაო“. ოჯახის განცხადებით, გარდაცვლილს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები და ჩალურჯებები, მათ შორის სახის არეში. ქიმერიძე სოფელ ქვიშხეთის მკვიდრი იყო. გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა ყოფილი სახალხო დამცველი და ამჟამად საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრი სოზარ სუბარი. ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბარში მან განაცხადა, „შეიძლება დადასტურებულად ვთქვათ, რომ ადამიანი არის ნაწამები და წამების დროს შემოაკვდათ ხელში. ლაპარაკი იმაზე, რომ საიდანღაც გადმოხტა, არის ზღაპრები“. სუბარი სახალხო დამცველს „რეალური ექსპერტიზის“ ჩატარებისკენ მოუწოდებს.