ყაზახეთში ასამართლებენ ტერორიზმში ეჭვმიტანილ 47 პირს

ყაზახეთში დაიწყო ტერორიზმში ბრალდებული 47 პირის სასამართლო პროცესი. 21-დან 32 წლამდე ასაკის ეჭვმიტანილებს წაყენებული აქვთ ტერორისტული ჯგუფის შექმნისა და რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დასავლეთში მდებარე ატირაუში აფეთქებებისათვის მზადების ბრალდებები. ნათელი არ არის, 47ი ბრალდებულიდან რამდენი წარდგა სასამართლოს წინაშე. ყაზახეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ზოგს დაუსწრებლად ასამართლებენ. სასამართლო პროცესი დახურულია საზოგადოებისათვის. ეჭვმიტანილები დააკავეს ატირაუში გასული წლის ოქტომბერში მომხდარი ორი აფეთქების შემდეგ. მოკლულ იქნა ერთი სავარაუდო თავდამსხმელი. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა იკისრა ჯგუფმა სახელწოდებით ჯუნდ ალ-ხალიფა, რომელიც ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო რეგიონიდან მოქმედებს.