სირიაში ოპოზიცია ითხოვს აფეთქებების საერთაშორისო გამოძიებას

სირიაში ოპოზიციონერები გამოდიან მოწოდებით, რომ საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინოს, ვინ მოაწყო აფეთქებები დამასკში. ხუთშაბათს აფეთქებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 55 და დაიჭრა 370-მდე ადამიანი. ოპოზიციური „სირიის თავისუფალი არმიის“ განცხადებაში მოთხოვნილია ქვეყანაში უცხოელი გამომძიებლების გაგზავნა. სირიის მთავრობის ინფორმაციით, ორმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ავტომანქანები ააფეთქა ალ-კაზაზის რაიონში. აფეთქებებს მოჰყვა ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მას შემდეგ, რაც 14 თვის წინ დაიწყო ამბოხება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ქვეყანაში ძალადობა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს ძალაში შევიდა გაეროს შუამავლობით მიღწეული ზავი.