ამერიკელი სენატორები მხარს უჭერენ პაკისტანისათვის დახმარების შემცირებას მას შემდეგ, რაც იქ სასამართლომ 33 წლით პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც შეერთებულ შტატებს დაეხმარა პაკისტანში ოსამა ბინ ლადენის მოძებნაში. მსჯავრდებულმა - პროფესიით ექიმმა, შაკილ აფრიდიმ - პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ჩაატარა ვაქცინაციის ფიქტიური პროგრამა, რომელიც დაეხმარა შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დადგენაში. ამ ინფორმაციის მოპოვებას მოჰყვა ამერიკელების მიერ გასული წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მოკლეს ალ-ყაიდის ლიდერი. დღეს, შეერთებული შტატების სენატის ასიგნირების კომიტეტში გამართულ კენჭისყრაზე, ამ კომიტეტის 30-ვე წევრი მიემხრო პაკისტანისთვის განკუთვნილი დახმარების 33 მილიონი დოლარით შემცირებას. ეს ნიშნავს, რომ შაკილ აფრიდისთვის მისჯილი პატიმრობის თითოეული წელი პაკისტანს შესაძლოა დაუჯდეს ამერიკისაგან მილიონიანი დახმარების დაკარგვად.