ტუნისის ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად მიუსაჯეს 20 წლით პატიმრობა

ტუნისში სამხედრო სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ პრეზიდენტს, ზინ ელ აბიდილ ბენ ალიმ. ის საუდის არაბეთში ცხოვრობს და დაუსწრებლად იქნა გასამართლებული. სასამართლოს განცხადებით, ბენ ალი დამნაშავედ სცნეს „არეულობის, მკვლელობისა და ძარცვის“ წაქეზებაში. აქამდე ბენ ალის, ასევე დაუსწრებლად, უკვე მისჯილი ჰქონდა 70-მდე წლით პატიმრობა სხვა ბრალდებების, მათ შორის ნარკოტრეფიკინგის და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებებით. საუდის არაბეთში ის 2011 წლის იანვარში გაიქცა, ტუნისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. ტუნისი მიჩნეულია ქვეყნად, რომელშიც დაიწყო „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული მოვლენები.