ისრაელი მზად არის ღაზის სექტორში ოპერაციის გასაფართოებლად

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მზად არის ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის გასაფართოებლად. ეს განცხადება მოჰყვა ოთხშაბათს ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ლიდერის, აჰმედ ალ-ჯააბარის ლიკვიდაციას, მის წინააღმდეგ მიმართული საჰაერო დარტყმის შედეგად. ალ-ჯააბარი დიდი ხანი იდგა პირველ ადგილას ექსტრემისტების სიაში, რომლებზეც ისრაელს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. მისი დაღუპვის შემდეგ „ჰამასის“ გასამხედროებული ფრთა „იზ ელ-დინ ალ-ყასამის ბრიგადები“ დაიმუქრა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმით. ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ოთხშაბათს, როგორც იუწყებიან, დაიღუპა კიდევ, სულ ცოტა, ხუთი პალესტინელი. საპასუხოდ ექსტრემისტებმა რაკეტები დაუშინეს ისრაელს.