საფრანგეთში მოკლეს სამი ქურთი აქტივისტი ქალი

საფრანგეთის მედიის ცნობით, პარიზში ქურთების ინსტიტუტის შენობაში მოკლული იპოვეს სამი ქურთი აქტივისტი ქალი. სამივეს თავში აქვს ნასროლი. ქურთების ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, ერთ-ერთი მოკლული აქტივისტი იყო ქურთისტანის მუშათა პარტიის, ანუ PKK-ს თანადამაარსებელი. საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ ქალების მკვლელობის ფაქტს, მაგრამ არა მათ ვინაობას. გვამები წუხელ, ნაშუაღამევს იპოვეს ქურთების სათვისტომოს წევრებმა. მკვლელობების შესაძლო მოტივზე არაფერს იუწყებიან. ამ ცნობის ფონია თურქეთის მოლაპარაკება PKK-ს ლიდერთან, პატიმრობაში მყოფ აბდულა ოჯალანთან, ქურთი მეამბოხეების განიარაღებაზე დასაყოლიებლად. PKK-მ 1984 წელს დაიწყო ბრძოლა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, უმეტესწილად ქურთებით დასახლებული რეგიონის დამოუკიდებლობისათვის. ამ ბრძოლაში 45 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.