უკრაინა დღეს ხელს მოაწერს კომპანია „როიალ დაჩ შელთან“ კონტრაქტს ფიქლის გაზის შესახებ. ამ კონტრაქტით, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე უზივსკას საბადოს ექსპლუატაციას შეუდგებიან ახალი, სადავო ტექნოლოგიის - ქანების ჰიდრავლიკური დანაწევრების გამოყენებით. კომპანია „შელს“ არ დაუდასტურებია ცნობა ხელმოწერაზე, რომელიც შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად არის მოსალოდნელი. ვარაუდობენ, რომ უკრაინა ფლობს ფიქლის გაზის დიდ - 1,2 ტრილიონი კუბური მეტრის მომცველ რეზერვებს, რაც სიდიდით მესამეა ევროპაში. ანალიტიკოსების განმარტებით, კიევის გადაწყვეტილება, შეუდგეს ფიქლის გაზის რეზერვების ათვისებას, ნაწილობრივ მაინც არის მოტივირებული სურვილით, რომ შეამციროს დამოკიდებულება რუსეთიდან გაზის იმპორტზე.