დღეს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა

დღეს საღამოს თბილისში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და უმცირესობის ლიდერთან. შეხვედრას წინ უძღოდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმული მზადყოფნა თანამშრომლობის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ დღევანდელი შეხვედრისას განიხილება ყველა საკითხი, რომელიც პრეზიდენტს და მის გუნდს აინტერესებთ. ”ამავდროულად, ჩვენ ველით პროგრესს ცენტრალურ საკითხზე, ანუ იმ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელზე შეთანხმებამაც უნდა გახსნას გზა ყველა სხვა მიმართულებით”, - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტმა ამის თაობაზე განაცხადა, რომ პრინციპში მზადაა და დღევანდელი შეხვედრისას გაირკვევა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს მზადყოფნა.