საქართველოში ისევ გაიმართა აქცია ერთი წლის ბავშვის სიკვდილის გასაპროტესტებლად

დღეს საქართველოში ისევ გაიმართა აქცია შიმშილის შედეგად ერთი წლის ბავშვის - გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები თბილისში, მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ შეიკრიბნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს, მეტი ყურადღება დაეთმოს გაჭირვებულ ოჯახებსა და ბავშვებს. ერთი წლის გოგიტა აბაშიძე შაბათს გარდაიცვალა ბათუმის საავადმყოფოში, შიმშილით ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად. შაბათსვე გაიმართა საპროტესტო აქცია ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან. საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ღრმა მწუხარებას გამოხატავს მცირეწლოვანის გარდაცვალების გამო და იზიარებს მისი ოჯახის მწუხარებას, რომელიც, ნანუაშვილი როგორც აღნიშნავს, საერთოა მთელი საზოგადოებისათვის საქართველოში. სახალხო დამცველის განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ პასუხისმგებელი სტრუქტურების მიერ განხორციელდება მოკვლევა, თუ რამდენად შეიძლებოდა ბავშვის გარდაცვალების თავიდან აცილება ადეკვატური მომსახურებებისა და ბავშვზე ზრუნვის მექანიზმების არსებობის შემთხვევაში.