აშშ-ის ბომბდამშენებმა საწვრთნელად გადაუფრინეს სამხრეთ კორეას

აშშ-ის „სტელსის“ კლასის ბომბდამშენებმა პირველად ჩაატარეს საწვრთნელი ფრენა სამხრეთ კორეაზე. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, B-2 ტიპის ორი ბომბდამშენი გაფრინდა მისურის შტატიდან სამხრეთ კორეაში და საწვრთნელი ბომბები ჩამოაგდო სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც ისევ მისურის შტატში დაბრუნდა. ორმა ბომბდამშენმა ძირს დაშვების გარეშე დაფარა 21 000-მდე კილომეტრი. სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპის“ ცნობით, მისია განხორციელდა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების ფარგლებში. ეს მანევრები მწვავე უკმაყოფილებას იწვევს ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც ოთხშაბათს დაიმუქრა, რომ „ შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ომი დაიწყოს“.