რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა დეკრეტი, რომელიც ყველა დონის რუს მოხელეს და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელ პირებს ავალდებულებს უარი თქვან ყველა სახის უცხოურ ანგარიშებსა და კომპანიებში განთავსებულ აქციებზე. როგორც 2 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, ამისათვის მოხელეებს ვადა 1 ივლისამდე მიეცათ. ივანოვმა დასძინა, რომ კანონზე მაღლა ვერავინ იქნება და შესაბამისად ის მოხელე, ვისაც ორი თვის გავლის შემდეგ აღმოუჩენენ უცხოურ აქტივებს, - დაკარგავს თანამდებობას. ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის პრეზიდენტის დეკრეტი გამიზნულია იმისთვის, რომ, ერთის მხრივ, აღმოიფხვრას კორუფცია მაღალ ეშელონებში და, მეორე მხრივ, შემცირდეს უცხოეთის გავლენა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე.