თბილისში გრძელდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი

საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა იყო დისკუსიის თემა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის Rose-Roth-ის სემინარზე, რომელიც მეორე დღეა თბილისში მიმდინარეობს. სემინარზე გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი კუნაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება რუსული დიპლომატიისთვის დიდი პრიორიტეტი არ არის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი თბილისის პასუხისმგებლობაცაა და მათ დასაბრუნებლად საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ვერ დაეხმარება. ამ მოსაზრებებზე რეაგირება საჭიროდ არ მიიჩნია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მან დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებებზე რეაგირებას ამჯობინებს, კუნაძე კი პოზიციას დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით გამოხატავს. თავად ზურაბ აბაშიძემ დღეს სემინარზე ისაუბრა რუსეთთან დაწყებულ დიალოგზე, რომელსაც ქართული პროდუქციის დაბრუნების თვალსაზრისით გარკვეული შედეგი უკვე მოჰყვა.