მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, აგვისტოს ომის შესასწავლად საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისას და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად 8-წევრიანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. პროკურატურის განცხადებით, საქმის გამოძიების მნიშვნელობის და მისი დიდი მოცულობისა და კომპლექსურობის გამო, აგრეთვე, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წესდების - რომის სტატუსითა და საქართველოს მიერ ნაკისრი სხვა საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მთავარმა პროკურორმა გამოძიების წარმოება დაავალა მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს. სისხლის სამართლის საქმეს საპროცესო ხელმძღვანელობას გაუწევენ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მელქაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მედეა როსებაშვილი.