ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებმა აქციები გამართეს საოლქო პროკურატურების შენობებთან

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავების გამო პარტია და მისი მხარდამჭერები პროტესტის სხვადასხვა მეთოდს გამოიყენებენ - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინზგე განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ. მისივე თქმით, უმცირესობის დეპუტატები დღეს არ დაესწრებიან პარლამენტის პლენარულ სხდომას. ბარამიძის შეფასებით, მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის დაკავებით "საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის, მუქარის და შურისძიების მიმართულებით,” რაც მისივე თქმით, ”საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საზიანო იქნება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკისთვის და მძიმედ აისახება ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე.” ვანო მერაბიშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული სხვა პირების გათავისუფლების მოთხოვნით, პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს საპროტესტო აქციები გამართეს საოლქო პროკურატურების შენობებთან.