ავღანეთში დაღუპულ 7 ქართველ სამხედროს დღეს დაკრძალავენ

ავღანეთში დაღუპულ 7 ქართველ სამხედროს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები: კაპრალები - თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები - ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი 6 ივნისს, ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. 12 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული 7 სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მიუსამძიმრა. ირაკლი ალასანია გორში, კარალეთში, ძეგვში, რუსთავსა და მარტყოფში იმყოფებოდა. მასთან ერთად დაღუპულთა ოჯახებში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეებიც მივიდნენ.