საქართველოში ამინდის გაუარესებას მოელიან

საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო ერთობლივი განცხადება გაავრცელეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა. ისინი აღნიშნავენ, რომ 4 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის მხრიდან იწყებს გავრცელებას ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. ”ეს სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ შემცირებას, ძლიერ წვიმას, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას, ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნას და ღვარცოფულ და მეწყერსაშიშ მოვლენებს”, - ნათქვამია განცხადებაში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აფრთხილებს ყველა მუნიციპალიტეტს, მიიღონ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები და მოახდინონ ადგილობრივი რესურსების მობილიზაცია. საჭიროების შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმით იმუშავებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.