შსს ინტერპოლისთვის ამზადებს ”ჯიჰადის ვიდეოს” საქმეში ბრალდებულის შესახებ მასალებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურასთან ერთად ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეში ბრალდებულ სამარ ჩოკუტაევთან დაკავშირებით "ინტერპოლისთვის" მასალებს ამზადებს , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში "დიდი პოლიტიკა" განაცხადა."ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ მასზე საერთაშორისო ძებნა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ჩოკუტაევის დაკავებაში ქართულ მხარეს "ინტერპოლი" დაეხმარება. ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმე გახსნილია. "ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც ამჟამად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა. შსს-ს ინფორმაციით, ჩოკუტაევი სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.