აზერბაიჯანში იმართება აქცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად

აზერბაიჯანში იმართება ოპოზიციის აქცია 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის მესამე ვადით არჩევის გასაპროტესტებლად. აქტივისტები ბაქოში, „მეჰსულის“ სტადიონზე შეიკრიბნენ „დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს“ მოწოდებით. აქცია სანქცირებულია. არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 9 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგად ხმების თითქმის 85% ერგო აზერბაიჯანის მოქმედ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ჯამილ ჰასანლიმ სულ ხუთამდე პროცენტი მოაგროვა და აცხადებს, რომ გაასაჩივრებს არჩევნების შედეგს. ეუთოს მეთვალყურეების შეფასებით, არჩევნებმა „სერიოზული ხარვეზებით“ ჩაიარა.