რომის პაპმა ვატიკანში მაჰმუდ აბასი მიიღო

ხუთშაბათს ვატიკანში რომის პაპის ფრანცისკესა და პალესტინის ავტონომიის მეთაურის მახმუდ აბასის შეხვედრა გაიმართა. აბასის მიწვევის პასუხად, ესტუმროს წმინდა მიწას, რომის პაპმა განაცხადა, რომ შეეცდება მალე ჩავიდეს პალესტინაში. ამასთან, როგორც ფრანცისკემ აღნიშნა, მას სურს, რომ მისი ეს სამომავლო ვიზიტი კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოს, პატრიარქ ბართლომე პირველთან ერთად შედგეს. მახმუდ აბასმა რომის პაპს საჩუქრად გადასცა პანო ბიბლიისა და ბეთლემის გამოსახულებით. ფრანცისკემ კი სტუმარს უსახსოვრა საწერ-კალამი და გამოთქვა რწმენა, რომ მას აბასი ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების მოსაწერად გამოიყენებს.