ეგვიპტეში ეკლესიაზე მომხდარ თავდასხმაში სამი კაცი დაიღუპა

უცნობმა შეიარაღებულმა პირებმამა ცეცხლი გაუხსნეს და სამი კაცი დახოცეს კაიროში მდებარე კოპტურ ეკლესიასთან. ხელისუფლების ცნობით, წუხელ მომხდარ თავდასხმაში დაღუპულთაგან ერთ-ერთი 8 წლის გოგოა. სროლის დროს სულ მცირე 9 კაცი დაიჭრა. შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც მოტოციკლეტზე ისხდნენ, ცეცხლი გაუხსნეს ეკლესიიდან გამოსული ჯვრისწერის ცერემონიის სტუმრებს. ქრისტიანი კოპტები ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ. ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნებულ ანგარიშში, „ამნესტი ინტერნეიშნლმა“ გააკრიტიკა ეგვიპტის ხელისუფლება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში ქრისტიანულ თემზე თავდასხმების შეჩერებას.