საქართველოს მოუწოდებენ, დაბრუნდეს დსთ-ში

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე, რომელიც მინსკში გაიმართა, საქართველოს მოუწოდეს ამ გაერთიანებაში დაბრუნებისაკენ. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სამიტის დახურვისას განაცხადა, რომ დსთ-ის ლიდერების სურვილია, რომ „საქართველო დაბრუნდეს თანამეგობრობაში“. საქართველომ 2009 წლის აგვისტოში დატოვა ეს გაერთიანება, რომლის წევრიც 1993 წლიდან იყო. მინსკის სამიტზე განხილულ სხვა თემებს შორის სახელდება დსთ-ის სახელმწიფოების თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში, ტერორიზმის, ნარკოტრეფიკინგისა და ადამიანების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში.