ევროკავშირის სამიტზე საქართველოზეც ისაუბრეს

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე, რომელიც პარასკევს დასრულდა, საქართველოზეც იმსჯელეს. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ გამოთქვა ევროკავშირის მზადყოფნა, ნოემბრის ბოლოს, ვილნიუსის სამიტზე მოახდინოს მოლდავეთთან და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება: „ჩვენ ასევე მოვამზადეთ ვილნიუსის სამიტი ჩვენს ექვს აღმოსავლელ პარტნიორთან. სამიტი ხუთ კვირაში გაიმართება. იმედი გვაქვს, რომ გადავდგამთ მნიშვნელოვან და მეტიც - ისტორიულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით, უკრაინასთან მიმართებით, თუ იქნება მიზანმიმართული ქმედება და ხელშესახები პროგრესი. (...) ასევე მზად ვართ, მოვახდინოთ პარაფირება მოლდავეთთან და საქართველოსთან ასეთივე (ასოცირების) შეთანხმებებისა, რომლებსაც შესაძლოა ხელი მოვაწეროთ მომავალ შემოდგომაზე, გაისად“, - განაცხადა ვან რუმპემ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე, რომელზეც ყურადღების ცენტრში იდგა დაძაბულობა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში. დაძაბულობას იწვევს ცნობები, რომ შეერთებული შტატები უსმენდა მსოფლიოს ათობით ლიდერის, მათ შორის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრებს.