ნინო ბურჯანაძე არჩევნებს აღიარებს, შედეგებს - არა

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებს "შემდგარს" უწოდებს, მაგრამ აცხადებს, რომ არჩევნები „არც სამართლიანი იყო, არც თანასწორი და შორს იყო რეალური ევროპული სტანდარტებისაგან.“ „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა 27 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 10 პროცენტზე მეტი მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა გიორგი მარგველაშვილისა და დავით ბაქრაძის შემდეგ. ბურჯანაძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი გამორჩეოდა იმით, რომ „იყო განუზომლად უფრო თავისუფალი, ვიდრე წინა არჩევნების დროს“. ამის მიუხედავად, ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებით „ქართულ ოცნებას" და ნაცმოძრაობას შორის მოხდა "სამარცხვინო და ცინიკური გარიგება“ და ამის გამო, ქვეყნის მომავლისთვის პასუხისმგებლობას ამ ორ მმართველ ძალას აკისრებს.