ღარიბაშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე ეფექტური მთავარი პროკურორი იქნება

საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილს შეცვლის ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს ფინანსთა სამინისტრის საგამოძიებო სამსახურს. ეს ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს დაუდასტურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ”მას ეყოლება ძალიან კარგი, ახალგაზრდებით და გამოცდილი პროკურორებით დაკომპლექტებული ეფექტური გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური მთავარი პროკურორი იქნება”, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, არჩილ კბილაშვილთან არანაირი უთანხმოება არ ჰქონია. საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის მსგავსად, დატოვებს თანამდებობას და ბიძინა ივანიშვილთან ერთად საქმიანობას სამოქალაქო სექტორში განაგრძობს.