ბარაკ ობამა ქართველ ხალხს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ულოცავს

თეთრმა სახლმა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მილოცვა გამოაქვეყნა. მიმართვაში ობამა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაცემა საქართველოში პირველად ხდება მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით. ამ დღის დადგომა დამსახურებაა საქართველოს ბოლო ოცწლეულის პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის მიმავალი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა, რომლებმაც სასიცოცხლო როლი ითამაშეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, - ნათქვამია პრეზიდენტ ობამას განცხადებაში. მიმართვის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იღვაწონ საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ. საქართველოს ახალი პრეზიდენტი ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება. ცერემონიას 40 ქვეყნის 931 სტუმარი დაესწრება.