დავით ზალკალიანმა სამწუხარო უწოდა უკრაინის გადაწყვეტილებას

უკრაინის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი, სამწუხარო უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ ეს ფაქტი ზეგავლენას არ მოახდენს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების პარაფირებაზე. ”ჩვენ მივემგზავრებით ვილნიუსში, მოვახდენთ პარაფირებას და რა თქმა უნდა, მოვემზადებით იმისთვის, რომ 2014 წელს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ შეთანხმების ხელმოწერა”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გაითვალისწინებს, თუ რამ მიიყვანა უკრაინა ამ მდგომარეობამდე. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ შესაბამის დასკვნას გამოიტანენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც.