ირანი იანვარში შეუდგება ბირთვული პროგრამის შეზღუდვის გეგმის განხორციელებას

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში ირანის წარმომადგენელი რეზა ნაჯაფი აცხადებს, რომ ირანი იანვრის დასაწყისში შეუდგება ბირთვული პროგრამის შეზღუდვის ექვსთვიანი გეგმის განხორციელებას. ამ გეგმაზე ირანმა მოილაპარაკა მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან - შეერთებულ შტატებთან, რუსეთთან, ჩინეთთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან. მათთან კვირას მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს ირანის მიერ ბირთვული პროგრამის ნაწილის დროებით შეჩერებას, რის სანაცვლოდაც შემსუბუქდება ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციები.