პენტაგონი გუანტანამოდან ორ პატიმარს გადაიყვანს საუდის არაბეთში

ამერიკის თავდაცვის სამინისტრო ორ პატიმარს გადაიყვანს გუანტანამოს ციხიდან საუდის არაბეთში. ორშაბათს პენტაგონმა განაცხადა, რომ მათი საქმის მრავალმხრივი შესწავლის შედეგად, 35 წლის საად მუჰამედ ჰუსეინი და 48 წლის ჰამუდ აბდულა ჰამუდი გადასაყვანად მოამზადეს. პენტაგონის ინფორმაციით, ორივე პატიმარი ეჭვმიტანილია „ალ ყაიდასთან“ კავშირში. მათი განცხადებით, არსებობდა საშიშროება, რომ ისინი კვლავაც ჩაერთებოდნენ ამ ორგანიზაციის საქმიანობაში, თუკი მათ გაათავისუფლებდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ წინააღმდეგ არანაირი ბრალდება წაყენებული არ იყო. პენტაგონი აცხადებს, რომ ორი პატიმრის საუდის არაბეთში გადაყვანის შემდეგ გუანტანამოში პატიმართა რიცხვი 160-მდე შემცირდება. ბარაკ ობამამ დადო პირობა, რომ კუბაში, გუანტანამოს ციხე დაიხურება, სადაც ტერორიზმში ბრალდებული პირები იხდიან სასჯელს.