გაეროს მონაცემებით, სამხრეთ სუდანში ასობით ადამიანია მოკლული

გაეროს დიპლომატების მონაცემებით, ასობით ადამიანია დაღუპული სამხრეთ სუდანში ძალადობის შედეგად. დიპლომატები ადგილობრივი წყაროებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით ამბობენ, რომ სამხრეთ სუდანის დედაქალაქში 400-500-მდე ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ვერ ხერხდება ამ მონაცემების შემოწმება. აფრიკის ამ ქვეყნის პრეზიდენტი ძალადობას უკავშირებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელშიც ადანაშაულებს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ერთგულ ჯარისკაცებს. გაეროში საფრანგეთის ელჩის, გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგე პრეზიდენტ ჟერარ აროს ინფორმაციით, 20 000-მდე ადამიანმა მიაშურა თავშესაფრის თხოვნით გაეროს მისიას სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში.