გარდაიცვალა ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო და სილვა ფერეირა

ლისაბონში 72 წლის ასაკში გარდაიცვალა მოზამბიკური წარმოშობის ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო და სილვა ფერეირა. კვირას დილას მას გულმა უმტყუნა. პორტუგალიის მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა ეუსებიოს გარდაცვალების გამო. ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჯოზე მანუელ ბაროზუმ ფეხბურთელის ოჯახს და მთელ პორტუგალიელ ხალხს მიუსამძიმრა. ეუსებიოს 22-წლიანი საფეხბურთო კარიერის უდიდესმა ნაწილმა ლისაბონის კლუბ „ბენფიკაში“ ჩაიარა. ამ გუნდისთვის ის 1960-1975 წლებში თამაშობდა. ეუსებიო და სილვა ფერეირამ 1965 წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა. იგი აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში, რომელიც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე შედგა, ეუსებიოს მეცხრე ადგილი ერგო.