ინდოეთის ვიცე-კონსულს ბრალი წაუყენეს საიმიგრაციო მაქინაციებში მონაწილეობისთვის

ნიუ-იორკში ინდოეთის ვიცე-კონსულ დეივან ხობრაგადეს საიმიგრაციო მაქინაციებში მონაწილეობისთვის ოფიციალური ბრალდებები წაუყენეს და მას ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ნიუიორკელი კორესპონდენტი იტყობინება. რამდენიმე კვირის წინ ის მოსამსახურე ქალისთვის უკანონო ვიზის დამზადების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ვიცე-კონსულის დანაშაული ისაა, რომ მან ვიზის მაძიებლის მონაცემებში სამუშაო პირობებისა და ხელფასის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიუთითა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. სინამდვილეში, არანორმირებული სამუშაო დღის სანაცვლოდ ის მოსამსახურეს მიზერულ თანხას უხდიდა. ნიუ-იორკის ფედერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც პროკურატურას მოსამსახურე ქალმა საჩივრით მიმართა.