შენელდა სირიიდან ქიმიური იარაღის გატანის და განადგურების პროცესი

სირიაში უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის გამო შენელდა ამ ქვეყნიდან ქიმიური იარაღის გატანის და განადგურების პროცესი. ამის შესახებ დღეს განაცხადა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, აჰმეტ უზუმჩუმ. მისივე თქმით, უკვე 16 ტონა ქიმიური ნივთიერებებია გატანილი სირიიდან. ტვირთი ლატაკიის ნავსადგურზე აიტანეს დანიის კუთვნილ ხომალდზე. უზუმჩუ ფიქრობს, რომ სირთულეების მიუხედავად, გეგმისამებრ, წლევანდელი ივნისის ბოლომდე შეძლებენ სირიის ქიმიური იარაღის განადგურებას. „მე კვლავინდებურად მჯერა, რომ შევძლებთ ივნისის ბოლოსთვის განსაზღვრული ვადის დაცვას. რაც შეეხება ერთობლივ მისიას და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, ყველა შესაძლო ღონეს მივმართავთ ამ ვადის დასაცავად. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, რასაკვირველია, ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანისაკენ“, განაცხადა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. სირია დაყაბულდა თავისი ქიმიური არსენალის - სულ 1300 ტონა მასალის - განადგურებას, რასაც ითვალისწინებს რუსეთის და შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული გეგმა.