ლავროვის განცხადებით, საქართველო არ აღიარებს ომის შემდეგ შექმნილ რეალობას

მოსკოვის და თბილისის ურთიერთობის განვითარებას ის აფერხებს, რომ საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილ რეალობას არ აღიარებს - განაცხადა მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისივე თქმით, რუსეთი ხალხთა შორის კონტაქტების მაქსიმალურად შემსუბუქების მომხრეა. “ეს ყველაფერი აწყდება არა ფორმალურ წინააღმდეგობას და არა იმას, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, არამედ მთავარ პრობლემას, რომ სააკაშვილის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ შექმნილი რეალობის შეცვლა არ შეგვიძლია“, - განაცხადა ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა არასდროს შეეგუება მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად მუშაობს და მოქმედებს იმისათვის, რომ არსებული სიტუაცია შეიცვალოს. "აქედან გამომდინარე შეიცვლება თუ არა რეალობა, ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, არამედ საერთაშორისო ნორმებსა და მსოფლიო თანამეგობრობაზე“, - განაცხადა ფანჯიკიძემ. მან აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ახდენს მხოლოდ წითელი ხაზების და იმ პრინციპების შენარჩუნებით, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. „ამის საზიანოდ არ მოხდება არავისთან, მათ შორის რუსებთან ურთიერთობების ნორმალიზება“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.