საქართველოში ძლიერი ყინვა გრძელდება

საქართველოში წუხელ ძლიერი ყინვა დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ყინვა გაძლიერდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 6 თებერვლამდე -15 გრადუსამდე დაეცემა, ზოგ რაიონში კი -20-მდე. თბილისში წუხელ -11 გრადუსი იყო. დასავლეთ საქართველოში შემდგომ დღეებში ყინვები გაძლიერდება და -3-დან -7 გრადუსამდე მიაღწევს. ამასთან, დღეს, შუადღიდან აღმოსავლეთ საქართველოში თოვა შეწყდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 თებერვლიდან დაიწყება დათბობა, თუმცა სუსტი ყინვა გარკვეული დღეების განმავლობაში მაინც შენარჩუნდება.