საქართველოში სოჭის ოლიმპიადის მიზეზით გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები

სოჭის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, საქართველოში ამოქმედდა დროებითი ”კომპლექსური გეგმა”, რაც უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა მიაწოდა. ”საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, დაგეგმილია რიგი პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის გამკაცრდება და გამკაცრდა კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში. ეს არის დროებითი ღონისძიებები, რომლებიც დაგაგმილია მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და მიზნად ისახავს შესაძლო არასასურველი პროცესების თავიდან აცილებას”, - აცხადებს გოჩა რატიანი და ასევე განმარტავს, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები ყველასათვის თანაბრად მოქმედებს და ის არ არის მიმართული საგანგებოდ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის.